თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, მომღერალი ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.
„გამარჯობა, ბრაზილია. მე მაქვს შეტყობინება შენთვის და ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი პლანეტის მომავალზე“, - ასე დაასათაურა ბერამ თავისი ვიდეო.
„დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", - ამბობს ბერა ივანიშვილი თავის ვიდეომიმართვაში და აღნიშნავს, რომ ეს დახმარება არის არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის მხრიდან.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაჩნდა. სულ დაფიქსირდა 70 ათასზე მეტი კერა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.
აალების ძირითადი კერები ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო. ხანძრები დაფიქსირდა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეც.
ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.