ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა: რა მოხდა ზუგდიდში

სამართალდამცველებმა 80 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

სისხლიანი გარჩევა: მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცმა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილის ნათესავების თქმით, კონფლიქტის დროს შვილიშვილი ბაბუას შეეპასუხა, რა დროსაც მოხუცმა ახალგაზრდა სამზარეულოს დანით მუცლისა და მხრის არეში დაჭრა. ინციდენტის დროს სახლში იმყოფებოდა 83 წლის ბებია, რომელმაც შეატყობინა მეზობლებს, რომლებიც, თავის მხრივ, პოლიციას დაუკავშირდნენ.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა 80 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.