თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ხუთი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათგან ოთხი ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ ისინი 18 ოქტომბერს ჯანჯღავას ქუჩაზე დააკავა, როდესაც ისინი, გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაზე თავდასხმას გეგმავდნენ.

მეხუთე დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. იარაღი ამოღებული იქნა იმ ავტომობილიდანაც, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ. იქვე იყო აღმოჩენილი დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა 28 აგვისტოს დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, დადგინდა, რომ ისინი ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.

დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.