საქართველო და ზემო ავსტრია სოფლის მეურნეობის სფეროში ითანამშრომლებენ

მხარეებს შორის აგრარულ დარგში თანამშრომლობის მიმართულებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად  გაფორმდა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და ზემო ავსტრიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აჭარა მანდარინის მოსავლის ასაღებად ემზადება

მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიელი სპეციალისტები მარცვლეული კულტურების ახალი ჯიშების საქართველოში დანერგვისა და გამოცდის მიმართულებით ქართველ კოლეგებს ცოდნას გაუზიარებენ.

მხარეებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გაზრდის, მეთესლეობის დარგის განვითარების, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ტყისა და მთის მდგრადი მართვისა და დარგობრივი განათლების მიმართულებითაც.

დოკუმენტს ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაქს ჰეიგელსბერგერმა მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას როგორც ცოდნის გაზიარების, ისე დარგობრივი საქმიანობის კუთხით. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა მჭიდრო და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში თხილის მოსავალს უშველეს: დავითაშვილმა ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე ისაუბრა

მაქს ჰეიგელსბერგის განცხადებით, საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას ავსტრიასთან ბევრი საერთოც აქვს.

„დღეს, საქართველოში ვიმყოფებით, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით. ჩვენ ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის მცირე მეურნეობები“, - განაცხადა ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ჰეიგელსბერგის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ განათლების, აგროტურიზმის და ბიომასის წარმოების განვითარების მიმართულებით წარმატებულად ითანამშრომლონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისი ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.