თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის უტა ბერიას სადებიუტო ფილმ „უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში ზედიზედ ორ კინოფესტივალზე უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნოემბერში ფილმი Arras Film Festival-ზე გაემგზავრება, შემდეგ კი რომში – დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე.
ფილმ „უარყოფითი რიცხვების" სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films-მა გადაიღო, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბიში მეცადინეობები დაინიშნა.
ფილმის გმირები გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ცხოვრობენ გარემოში, სადაც სიკეთე და თანაგრძნობა სისუსტედ მიიჩნევა.
ფილმის ქართული პრემიერა მიმდინარე წელს ბაკურიანში გამართულ ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში გაიმართა. კინოკრიტიკოსებმა და კინოჟურნალისტებმა ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი დადებითად შეაფასეს.
„რეჟისორმა წარმატებით შეძლო მთავარი გმირის მეტამორფოზის წარმოჩენა – წყვდიადიდან გამოსვლა. მან შექმნა საინტერესო პერსონაჟები და სივრცე", – წერდნენ კრიტიკოსები ფორუმზე კინოჩვენების შემდეგ.
წელს ევროპელი მაყურებელი უტა ბერიას ფილმს უკვე გაეცნო კანის საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო სექცია Market Screening-ის ფარგლებში.