სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილი ავარიაში მოყვა – დაშავდნენ პატიმრები

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პატიმარი დაშავდა – ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. 

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ძველი რუსთავის ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირების ავტომობილს მსჯავრდებულები რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდა.

„ავტოავარიის შედეგად ორმა პატიმარმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო და პრევენციის მიზნით ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად მსჯავრდებულებს მხოლოდ კიდურებზე მსუბუქი დაჟეჟილობები გამოუვლინდათ და სტაციონარული მკურნალობის საჭიროება გამოირიცხა", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან უშიკიშვილმა.

პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ასევე ჩაუტარდათ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებსაც რაიმე სახის დაზიანებები არ აღმოაჩნდათ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც.