თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 ნოემბერს შემოდგომის ყვავილებისა და მრავალფეროვანი კომპოზიციების გამოფენა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
უკვე ტრადიციულ გამოფენაზე წარმოადგენენ ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვან კოლექციას – ქრიზანთემებს, გეორგინებს, ასევე შემოდგომის ყვავილებსა და კომპოზიციებს.
„მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. შემეცნებით კუთხესაც იხილავთ, სადაც ბევრ საინტერესო და თემატურ ინსტალაციას გაეცნობით", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდება მაყალზე მომზადებული წაბლი და ჩეხური ფუნთუშები, ყავა, ჩაი და ცხელი გლინტვეინი.
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ღია საზეიმო სივრცეში Event Square 12:00-დან 17:00 საათამდე მოეწყობა.
ღონისძიების ორგანიზატორია ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.