ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულეს

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი იაპონიის გუნდთან გაიყო
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მაროკოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის (U-23) ინდივიდუალური შეჯიბრების დასკვნით დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში სულამანიძე იაპონიის წარმომადგენელთან - კაზუნარი კამიგაკისთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მედალი ტურნირზე მეხუთე გახდა. ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვეს: ვლადიმერ ახალკაცმა (-81 კგ), ლაშა ბექაურმა (-90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდა.

ამ შედეგით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი იაპონიის გუნდთან გაიყო. ორივე ნაკრების ძიუდოისტებმა მედლების ერთნაირი რაოდენობა მოიპოვეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მესამე ადგილზე არიან რუსი ძიუდოისტები, რომელთა აქტივში სამი ჯილდოა (1-2-0).