აფეთქება თბილისში - ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავტომობილები

მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებულია
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

შემთხვევა დილის საათებში, გურამიშვილის 34 ნომერში დილის 8:15 საათზე მოხდა. 

საგანგაშო სტატისტიკა: სექტემბერში 3 ათასამდე აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს

საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ოთხი სართული დაზიანდა. განხორციელდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია მანქანები. ჩამსხვრეულია ფანჯრები მეზობელ კორპუსშიც.

აფეთქება თბილისში - ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავტომობილები

„აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ლამის საწოლიდან გადმოვარდით. გვეგონა, რომ მთელი რაიონი აფეთქდა“, - ყვება მეზობელი კორპუსის მაცხოვრებელი ირაკლი.

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ადგილზე ორი სახანძრო და ექვსი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.