თბილისში ფესტივალზე თოჯინების ზღაპრული სამყარო გაცოცხლდება

საავტორო თოჯინების ფესტივალზე თბილისში ათი ქვეყნის მეთოჯინეები შეიკრიბებიან
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საავტორო თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2 ნოემბერს გაიხსნება, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იულია სოროკინამ.

თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა >>

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 14 ცნობილი ოსტატი შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. საქართველოს გამოფენაზე 26 ოსტატი წარმოადგენს.

„წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საავტორო თოჯინების მესამე საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ეძღვნება Gabrielle Coco Chanel-ს. ჟიური შეარჩევს სამ საუკეთესო ნამუშევარს, ხოლო მაყურებელი თავის ფავორიტს დაასახელებს. ჩვენ კონკურსისთვის შევარჩიეთ ინტერნაციონალური თემა, რათა ის იყოს ახლობელი ყველა ავტორისთვის, რომლებიც პურის ფულს საკუთარი ხელებით შოულობენ“, - აცხადებს სოროკინა.

იულიას თქმით, საავტორო თოჯინები მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მათ ამზადებენ სხვადასხვა მასალებისგან, დაწყებული პაპიე-მაშეთი დამთავრებული დახვეწილი ფაიფურით. თუმცაღა თოჯინას ფასი დამოკიდებულია არა იმდენად მასალაზე, რამდენადაც შესრულების ტექნიკაზე და ავტორის ოსტატობაზე.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება „ჯეოდოლი“. კონკურსი 4 ნოემბრამდე გასტანს.