ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლეში მუზეუმი მოეწყობა

პირველი ექსპოზიციის გახსნა უკვე 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის „ნიკოსეულ სასახლეს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგამოფენო ექსპოზიციებისთვის მუზეუმად გადააქცევს, იუწყება პირველი არხი.

პროექტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

ირლანდიის ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს „დადიანების არქივის“ ასლები გადასცა

სასახლეში დაგეგმილია ვიტრინებისა და სხვა ტექნიკური და საგამოფენო ინვენტარის დამონტაჟება. პირველი ექსპოზიცია, სავარაუდოდ, 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

„ნიკოსეული სასახლე“, რომელიც ევროპულ სტილშია აშენებული, მრავალი წლის განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული. აღდგენითი სამუშაოები სასახლეში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით 2019 წელს დასრულდა.

„ამასთან, დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები", – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

ამას გარდა, უახლოეს პერიოდში იგეგმება ეკატერინე დადიანის სასახლის სრული რესტავრაციის დაწყებაც.

ნიკო დადიანმა სამეგრელოს მთავრის ტიტულზე უარი 1868 წელს განაცხადა. სასახლე მოგვიანებით, 1880-იან წლებში ლეონიდ ვასილიევის პროექტით ააგეს. ამ სასახლეს სტუმრობდნენ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მათ შორის, აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე.