ტურიზმიდან დანაშაულამდე – სათამაშო ბიზნესის ორი მხარე საქართველოში

საქართველოში  ყოველი მეხუთე ადამიანი ლუდომანია – ასეთია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ორგანიზაციის მონაცემები
Sputnik

საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო. „დაიცავი შენი შვილი“ – ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. კამპანიის ინიციატორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეა, რომელიც ამავდროულად აქტიურად იბრძვის ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის. 

სუიციდზე აგებული ბიზნესი: დაიცავით თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან

აზარტული თამაშები – საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკებიდან მიღებულ შემოსავალსაც კი აჭარბებს. საქართველოში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომლის წევრი, ნათესავი ან ახლობელი მაინც არ სტუმრობდეს სამორინეს, ტოტალიზატორს ან  ონლაინ არ თამაშობდეს აზარტულ თამაშებს.

„ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს“, – განაცხადა დოლიძემ.

მან ჯანდაცვის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტებს მოუწოდა, გამართონ საჯარო დისკუსია ამ თემაზე, შეკრიბონ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და გამონახონ გზები პრობლემის გადასაჭრელად.

ერთ–ერთი წამყვანი დარგი

აზარტული თამაშებით დაკავებული ორგანიზაციების ბრუნვა ბოლო ათ წელიწადში თითქმის ორასჯერ გაიზარდა. 2018 წელს წინა წელთან შედარებით ბრუნვის ორჯერ ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მან 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, საქართველოში 2018 წელს სამშენებლო სფეროში ბრუნვამ 7,2 მილიარდი ლარი შეადგინა, სამრეწველო სფეროში კი – 13,5 მილიარდი ლარი.

არაოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 350 მილიონი ლარი ირიცხება. 

თბილისის სკოლის მოსწავლეები აზარტული თამაშებით არიან გატაცებული – კვლევა

აზარტული ბიზნესი ტურიზმის ზრდის პარალელურად ფართოვდება. კაზინოების კლიენტების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბევრი შეძლებული ტურისტი, მათ შორის, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, საქართველოში სწორედ იმისთვის ჩამოდის, რომ სამორინეში ითამაშოს, რადგან მათ მშობლიურ ქვეყნებში აზარტული თამაშები კანონითაა აკრძალული.

ამ შემთხვევაში უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკაც შეიძლება მოვიშველიოთ – 2009 წელს ის შეადგენდა 18,3%–ს, 2018 წელს კი 12,7%–მდე შემცირდა.

მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ

კამპანიას „დაიცავი შენი შვილი“ შეუერთდნენ „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბახტურიძე; ასევე ორგანიზაციების – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

 „ახლა სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა დავიცვათ ბავშვები და ახალგაზრდობა ამ საშინელებისგან. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირად ნომერს აიღებს, შეძლებს ამ ბიზნესში დარეგისტრირებას და ამაზე ყველა თვალს ხუჭავს. გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ეს არის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინთამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებთან. 

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

ამჟამად კაზინოში შესვლა ეკრძალებათ 21 წლამდე ახალგაზრდებს, სათამაშო აპარატების სალონებში კი – 18 წლამდე მოზარდებს. მაგრამ ეს ახალგაზრდებს ვერ აჩერებს და ისინი ონლაინ აზარტული თამაშების გვერდებზე შესვლას მაინც ახერხებენ.

ანა დოლიძის იდეა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც მოიწონა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, შეიქმნას ერთიანი ფრონტი იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში მრავალი მიმართულებით არსებობს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე დეპუტატი სათამაშო ბიზნესში კანონმდებლობის გამკაცრების ერთ–ერთი ინიციატორი იყო.

კანონპროექტი ჩავარდა იმის გამო, რომ მისი ავტორები და პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობა ვერ შეთანხმდა აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების რადიუსზე რელიგიური, საბავშვო, სასწავლო თუ სამედიცინო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისგან.

ცოტაოდენი ციფრებზე

 „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი თამარ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანი ანუ ყოველი მეხუთე მცხოვრები მოთამაშეა.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას დავუჯერებთ, აზარტულ თამაშებს თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდების 58%, 17 წლის მოზარდების 90%. კაზინოებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლაზე ასაკობრივი ცენზის გამო ზემოხსენებული კატეგორია ონლაინ კაზინოების მომხმარებელია.

 „აზარტულ თამაშებს არც ასაკი აქვს, არც სქესი. თამაშს იწყებენ 12 წლიდან. ასი მოთამაშიდან 12 ქალია“, – განუცხადა ჯაფარიძემ „Sputnik–საქართველოს“.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახერხა მსჯავრდებულების შესახებ მონაცემების მოპოვებაც. გლდანის საპატიმროში მსჯავრდებულთა 2/3 სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების ნიადაგზე. ზოგს ვალები ჰქონდა გასასტუმრებელი, ზოგს თამაშის გაგრძელება სურდა, ამიტომაც ქურდობდა, ზოგ შემთხვევაში კი კლავდა კიდეც.

 „მოთამაშეების რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს და საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება, რათა ჩვენი მოზარდები გადავარჩინოთ და ისინი ამ ჭაობიდან ამოვათრიოთ. ნებისმიერი აზარტული თამაში დამღუპველია, არა აქვს მნიშვნელობა, მოზარდი იქნება ეს თუ სრულწლოვანი ადამიანი. საჭიროა რეკლამის მაქსიმალურად აკრძალვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლუდომანია მძიმე დაავადებად აღიარა.