ვაზისუბნის გზაზე ავარიაში ქალი დაიღუპა

წინასწარი ინფოამაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა, მანქანა რომელმაც ქვეითი გაიტანა, შემდეგ კიდევ სამ ავტომობილს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ამ ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ნასვამ მდგომარეობაში ჩადენის შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.