ცნობილმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა რომანტიკული კლიპი ბორჯომში გადაიღო

კადრებში ბორჯომის ლამაზი ბუნება და ღირსშესანიშნაობები მოჩანს.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა მომღერალმა, აზერბაიჯანის დამსახურებულმა არტისტმა მირი იუსიფმა თავისი რომანტიკული ვიდეოკლიპი საქართველოში გადაიღო. მუსიკოსმა ამისთვის ბორჯომი შეარჩია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

კომპოზიციას ეწოდება Sənə qurban („შენი მსხვერპლი ვიქნები") და მომღერლის მეუღლეს ნარგიზ მირბაბაევას ეძღვნება, რომელიც კლიპში მონაწილეობს. წყვილმა ასე აღნიშნა თანაცხოვრების 11 წელიწადი. მომღერლის ოჯახში სამი შვილი იზრდება – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

გადაღებებზე ქართველი პროფესიონალების მთელი გუნდი მუშაობდა – რეჟისორ-ოპერატორი გიორგი მიქელაძე, ოპერატორები ბექა სოლოშვილი და ნიკა კახეთელიძე (დრონიდან გადაღება), ასევე გრიმის მხატვარი ნინო ელიოსიძე.

ვიდეოკლიპის კადრებში მოჩანს ბორჯომის პარკი, საბაგირო გზა, ასევე ეფექტურად არის ნაჩვენები საქართველოს არქიტექტურა და ბუნება.

მირ იუსიფ მირ ჰეიდარ ოღლი მირბაბაევი აზერბაიჯანელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც ასრულებს მუსიკას ეთნოს, რეგის, როკის, შანსონის, R&B და ჯაზის სტილში. ამჟამად მომღერალს გამოშვებული აქვს 10 ალბომი და გამართული აქვს ათობით სოლო კონცერტი.