გორგოძე და კვესელაძე – საქართველოს რაგბის ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები

საერთაშორისო რაგბის კავშირმა საქართველოს ნაკრების ვეტერანი და ახალგაზრდა მოთამაშე გამოყო.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რაგბის საერთაშორისო კავშირმა საქართველოს ეროვნულ გუნდში ყველაზე ფასეულ მორაგბეებად „ბორჯღალოსნების" შერკინების წევრი მამუკა გორგოძე და ხაზის მოთამაშე გიორგი კვესელაძე დაასახელა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საქართველო რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იმედგაცრუებული ბრუნდება მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია მიზანს და ვერ მოიგო ორი მატჩი ჯგუფში", – ასე იწყება რაგბის საერთაშორისო კავშირის სტატია.

სტატიაში განსაკუთრებით არის აღნიშნული გორგოძის თამაში ავსტრალიის ნაკრებთან, მთელი ტურნირის მანძილზე კი ქართული რაგბის ლეგენდამ 31 ბოჭვით საუკეთესო მაჩვენებელი – 97% აჩვენა.

ქართველმა რაგბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან შეხვედრით დაასრულეს

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის მსოფლიო თასი 35 წლის გორგოძისთვის ბოლო დიდი ტურნირი გახდა. მამუკამ ეროვნულ გუნდში გამოსვლა დაასრულა.

რაც შეეხება 21 წლის გიორგი კვესელაძეს, ის ორი მოთამაშიდან ერთ-ერთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც მსოფლიო თასის ოთხივე მატჩში ითამაშა შეუცვლელად.

საქართველომ იაპონიაში გამოსვლა D ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. გაიმარჯვა მხოლოდ ურუგვაის ნაკრებთან, ხოლო უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან წააგო.