ქართველი ჩოგბურთელის პოზიციები ATP-ს რეიტინგში გაუარესდა

ყველაზე მაღალი ადგილი მსოფლიო რეიტინგში ქართველ სპორტსმენს მიმდინარე წლის მაისში ეკავა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 24-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა პეკინისა და შანხაის ტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ.

ბასილაშვილის ახალი რეკორდი - ქართველი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ოცეულშია

მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ნუსხას სათავეში კვლავ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას. მეორე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი, ხოლო მესამეზე – შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციების გაუარესება რეიტინგში გამოიწვია წაგებამ შანხაის ATP Masters 1000 სერიის ტურნირში, როდესაც ის მერვედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა, მანამდე კი მან წარუმატებლად იასპარეზა АТР 500 სერიის China Open ტურნირზე, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.

ATP-ს რეიტინგში ბასილაშვილს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის მაისში ჰქონდა – მე-16 ადგილი.