დღეს მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება

მცხეთაში სტუმრებს ელოდება მუსიკა, გამოფენა–გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები და მზიანი ამინდი.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთისკენ უფასო სარკინიგზო რეისები დაინიშნა

საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, დაიწყება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.

თანდათანობით მცხეთა ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.

ამ დღეს მცხეთაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, ასევე გაიმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილი იქნება საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

„სვეტიცხოვლობაზე“ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღესასწაულზე დააჯილდოებენ მცხეთის საპატიო მოქალაქეებს.

დღე გალა-კონცერტით დასრულდება.

საზეიმო განწყობას ამინდიც შეუწყობს ხელს – მცხეთაში თბილი და ძირითადად მზიანი ამინდი იქნება. დღის მეორე ნახევარში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.