საქართველოსთვის მებრძოლი ოსები, ანუ ერთად დაწერილი და მივიწყებული ისტორია

უცნაურია, მაგრამ ქართველებს ოსებზე დიდი მტერი და დიდი მეგობარი არ გვყოლია. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენ ერთად, საკუთარი სისხლით ვწერდით საქართველოს ისტორიას. ცუდიც ბევრი ყოფილა, მაგრამ კარგი – იმაზე მეტი...
Sputnik

 ვანო სულორი                     

უცნაურია, მაგრამ ქართველებს ოსებზე დიდი მტერი და დიდი მეგობარი არ გვყოლია. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენ ერთად, საკუთარი სისხლით ვწერდით საქართველოს ისტორიას. ცუდიც ბევრი ყოფილა, მაგრამ კარგი – იმაზე მეტი.

ოსები (ალანები) ქართულ სინამდვილეში წარმოადგენდნენ ერთგვარ წყლის სტიქიას: როდესაც ძლიერი იყო ჩვენი ქვეყანა, ოსების გაუხარჯავ და დამანგრეველ ძალას ისეთი მიმართულება ეძლეოდა, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის დიდებისათვის ღვრიდნენ სისხლს, ხოლო საქართველოს დამცრობის დროს ეს სტიქია უკან გვიბრუნდებოდა წასალეკად. 

„კეთილი მტრები“ - როგორ ახასიათებდნენ ქართველებს დამარცხებული ქვეყნები

საუბედუროდ, კარგს ადვილად ვივიწყებთ, ცუდზე საუბარი კი არასდროს გვბეზრდება. ამჯერად ქართულ-ოსური ურთიერთობების მხოლოდ პოზიტიურ მომენტებზე ვისაუბრებთ.

გასულ საუკუნეში წამოწყებული ქმედებებით ოსმა სეპარატისტებმა ლამის ხერხემალში გადატეხეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამის დავიწყება შეუძლებელია. მაგრამ ამით თავად ოსებსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ. ტრადიციულად ოსებს საქართველოზე უკეთესი მეზობელი არც ჰყოლიათ და, ალბათ, არც ეყოლებათ. ელემენტარულად, საქართველო იყო ის ქვეყანა, საიდანაც ქრისტიანობა შევიდა ოსეთში. ქართველმა ბერებმა და სხვა მღვდელმსახურებმა დიდი ამაგი გასწიეს ამისათვის. ქრისტიანობის გავრცელება თავისთავად ნიშნავდა მწიგნობრობის გავრცელებასაც. ამ ყველაფერმა კი კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ ერის გამთლიანებასა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრას. დასამალი არ არის, ოსურ-ალანურ ტომებს განმასხვავებელი ნიშანი უფრო ჰქონდათ, ვიდრე საერთო ერთმანეთთან. ქრისტიანობისა და, შესაბამისად, მწიგნობრობის გავრცელებამ შეადუღაბა და ერთ მონოლითურ ერად აქცია ეს მომთაბარე ხალხი.  

ზაქარია ჭიჭინაძე ბრძანებდა:

„იქ სადაც ოსთა მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არას დროს ეპატიებიათ. ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველი დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგებლოდ ჩაუდენიათ ხოლმე“.

არადა, ოსების წინაპრებს მართლაც დიდი ამაგი მიუძღოდათ საქართველოს წინაშე და არავინ იცის, როგორი იქნებოდა დღეს საქართველო, რომ არა ქართველთა და ოსთა ერთიანი ბრძოლა საერთო მტრების წინააღმდეგ. რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ: 

ნიშანდობლივია, რომ XI−XV საუკუნეებში ბაგრატიონებს პირად ამალასთან, რეგულარულ ჯართან და სახალხო ლაშქართან ერთად ჰყავდათ დაქირავებული მეომრებისგან დაკომპლექტებული რაზმი, რომელსაც „როქის სპა“ ერქვა. „როქის სპის“ უმრავლებას ოსები შეადგენდნენ. მათი მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია ისეთ უდიდეს ბრძოლებს, როგორებიც იყო ბასიანი და შამქორი. დიდგორის ძლევამოსილ გამარჯვებაშიც 500 ოსმაც დაიდო წილი.

მოგვიანებითაც ხალისით მონაწილეობდნენ ოსები სპარსეთსა და ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. არ არსებობს ფაქტები, რომ ოსებს ეღალატოთ ქართველებისათვის და ყიზილბაშთა ან ოსმალთა მხარეს გადასულიყვნენ. თემურ-ლენგმა თითქმის მთელი ჩრდილოეთი კავკასია მოაქცია მუჰამედის რჯულზე, მხოლოდ ოსებმა შეინარჩუნეს მართლმადიდებლობა. ისინი არ მისდევდნენ „ტყვეთა სყიდვას“, ექვემდებარებოდნენ სამხედრო მობილიზაციას — „ქუდზე კაცის“ გაწვევას. ქართველთა მეფის ბრძანება არც იყო საჭირო, კავკასიის გადაღმა, ოსეთში შეტყობინება მიდიოდა და ოსი მოლაშქრეებიც იარაღს ისხამდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ქართული მტერ-მოყვრობა, ანუ როცა შენი მტრის მტერი მეგობარი არ არის

ოსებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ მეფე ერეკლეს, უამრავი ოსი იბრძოდა „პატარა კახის“ მხარდამხარ. ხუბულურები, თვაურები, ხეთაგურები და სხვა ოსური საგვარეულოს წარმომადგენელები, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, თითქმის ყველა მეფე ერეკლეს ლაშქარში იდგა. სახალხო გმირებიც მრავლად ჰყავდათ ოსებს — ბოლატიკო ხეთაგური ასპინძის ბრძოლაში მეფე ერეკლეს მიმართულებით ნასროლ ტყვიას გადაეფარა და მისთვის სიცოცხლე გაწირა. განძასთან გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა გივია ოსმა, კრწანისთან კი შეუდარებლები იყვნენ ოსი ყარაჯა და ჩერმენ გაგლოითი. 

ფაქტია ისიც, რომ ბაგრატიონები მეუღლეებად უმეტესად ოსებს ირჩევდნენ. შუა საუკუნეების ოსთა სამეფო ოჯახებში მომავალი დედოფლები და მეფეები ქართული წეს-ჩვეულებით იზრდებოდნენ, ამიტომაც არ უჭირდათ მათ ქართულ სინამდვილეთან ადაპტაცია და თითქმის უკლებლივ ყველა საქართველოს ღირსეულ შვილებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ოსი გახლდათ საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის მეუღლე ბორენა დედოფალი, რომელიც ქართულად შესანიშნავ ლექსებსაც ქმნიდა. თამარ მეფე თავის სილამაზეს დედას, ოსთა მეფის ასულს ბურდუხანს უმადლოდა, რომელიც თავისი დროის ულამაზესი და უგანათლებულესი მანდილოსანი ბრძანდებოდა. ხოლო თამარის მეუღლე, ოვსთა მეფე სოსლან დავითი უდიდესი ისტორიული პიროვნებაა ქართულ სინამდვილეში და ის არაფრით ჩამოუვადებოდა ჩვენს უდიდეს მეფეებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორი ერის წარსული ერთმანეთთან „გორდიას კვანძივით“ იმდენად არის გადანასკვული, რომ ვერ გაიგებ, სად იწყება ან სად მთავრდება ოსთა და ქართველთა ისტორია. ოსებს თამამად შეუძლიათ დაიტრაბახონ, რომ მათ საქართველოს სადიდებლად ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი და ჩვენმა ქვეყანამ დღემდე რომ მოაღწია, ამაში მათაც მიუძღვით დიდი წვლილი. წინაპართა სისხლით მიღწეულ მონაპოვარს კი გაფრთხილება რომ ესაჭიროება, ეს ცხადზე ცხადია.