თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში პირველი ქალთა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი Rally Adventure Georgia იმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
რბოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია - იმ სტერეოტიპის დანგრევა, რომ „ქალი საჭესთან“ - ეს სახიფათოა.
სიჩქარე და ადრენალინი: ქართველ ავტომობილისტებს რბოლაზე იწვევენ >>
აღსანიშნავია, რომ რალი წამზომის გარეშე გაიმართება. მთავარი კრიტერიუმია - ფინალამდე ყველაზე მოკლე გზით მისვლა. შეჯიბრების ავტორების თქმით, მრბოლელები რალიში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების გამო მიიღებენ.
Rally Adventure Georgia-ს მარშრუტი 1800 კილომეტრს შეადგენს და საქართველოს რეგიონების უმრავლესობას გაივლის. სიჩქარის მოყვარულები სტარტს აიღებენ თბილისში, საიდანაც მარშრუტი გაგრძელდება წალკაში, ვარძიაში, ახალციხეში, გოდერძის უღელტეხილზე და ბათუმში. შემდეგ მონაწილეები გაივლიან ზუგდიდს, მესტიაში, უშგულს, ლენტეხს, წყალტუბოს, ასევე გუდაურს, ყაზბეგს და ხევსურეთს.
შეჯიბრების განმავლობაში მონაწილეები ღამეს სასტუმროებსა და ბანაკებში გაათევენ. რბოლის ფინიში დედაქალაქში 19 ოქტომბერს გაიმართება.
რბოლაში მონაწილეობის მისაღებად გუნდის წევრები აუცილებლად ქალები უნდა იყონ, ან არსებობს მეორე ვარიანტიც - პილოტი ქალია, ხოლო შტურმანი - მამაკაცი.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული მონაწილეების უმრავლესობა - უცხოელებია. Rally Adventure Georgia-ში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მრბოლელმა ქალებმა კანადიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და იტალიიდან.
მნიშვნელოვანია, რომ რალი საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს. რბოლის მონაწილეები გზად დაარიგებენ ტანსაცმელს, სათამაშოებს და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას.