ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი -  Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, იუწყება პირველი არხი.

ცვლილებების თანახმად, 13 წლამდე ასაკის და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

საქართველოში პირველი ქალთა სათავგადასავლო რალი იმართება

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც მწარმოებელი ქარხნის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია არ ითვალისწინებს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის განთავსებას.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

დღეისათვის მოქმედი კანონით, აკრძალვა სამ წლამდე ბავშვს ეხება, თუმცა უსაფრთხოებიდან და მძიმე სტატისტიკიდან გამომდინარე კანონმდებლების ნაწილი ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითხოვს.

არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით, პარლამენტში ცვლილებების პროექტს ცალსახა მხარდაჭერა არ აქვს.