მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო ე.წ. სამაჯურით დატოვა

ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. მუსიკოსმა მიხეილ (მიხაილო) თოდუამ პარასკევს საპატიმრო დაწესებულება დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ განხილვის შემდეგ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ე.წ. სამაჯურით გაათავისუფლა.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში, 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, ოჯახმა 20 000 ლარიანი გირაო ვერ გადაიხადა.

მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.