სვეტიცხოვლობა: ტრანსპორტის შეზღუდვის გრაფიკი და დამატებითი რეისები

სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ზოგ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. 

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა, ხოლო 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

გარდა ამისა, განცხადებას ავრცელებს „საქართველოს რკინიგზაც“, რომელიც 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12 სთ და 20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23 სთ და 20 წთ-ზე.