საერთაშორისო სამხედრო მისია: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები მონახულა

ქართველი სამხედროების ნაწილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადება.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი სამხედროების ეს ნაწილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადება. გადამზადება გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მომზადების ცენტრში მიმდინარეობს.

ღარიბაშვილი ავღანეთში ქართველ მშვიდობისმყოფელებს ესტუმრება

ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სწავლების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა ოთხთვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ამჟამად კი მისიაში ჩაბმამდე საბოლოო სავარჯიშოებს ასრულებს. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.

საბოლოო შეფასების შემდეგ ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.