როგორ გადაარჩინეს ქართველებმა სომხები შიმშილით გაწყვეტას – ნაკლებად ცნობილი ფაქტი

ქართველთა და სომეხთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ამსახველი ფოლიანტები მრავალ ისეთ საიდუმლოს ინახავს, რომლებზეც ფართო საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს...
Sputnik

ვანო სულორი

ქართველთა და სომეხთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ამსახველი ფოლიანტები მრავალ ისეთ საიდუმლოს ინახავს, რომლებზეც ფართო საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს. არადა, ზოგჯერ ისეთ „ბაჯაღლო ფაქტს“ წააწყდები, რომელიც ერთდროულად გაოგნებასა და გულისწყვეტასაც იწვევს, რადგან მზის სინათლე ვერა და ვერ ნახა. დღეს სწორედ ასეთ, ერთ მეტ-ნაკლებად უცნობ ფაქტს მოვიხმობთ.

საქართველოს ბევრი ღირსეული მეფე ჰყოლია, რომელთა ამაგიც შეუფასებელია, მაგრამ თიკუნი „დიდი“ მხოლოდ ალექსანდრე პირველს ერგო. ეს იყო მეფე, რომელმაც ნაცარტუტად ქცეული სამეფო ფეხზე დააყენა, გააძლიერა, დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა და ქვეყნის შელახული რეპუტაცია აღადგინა.    

„სისხლი სისხლისა წილ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი შურისძიება სომეხთა გაჟლეტისთვის

ალექსანდრე დიდს დამსახურება არა მარტო ქართველთა წინაშე მიუძღვის, ასევე დაუფასებელია მისი ღვაწლი სომეხი ერის შიმშილით ფიზიკურად განადგურებისგან გადარჩენის საქმეში. აი, რას წერს XV საუკუნის სომეხი ისტორიკოსი თომა მეწოფეცი თავის ნაშრომში „ისტორია თემურ ლენგისა და მისი შთამომავლებისა“:

„1413 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა შორის, ისეთი, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებს და ასულებს მიმართეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს. მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს...“

მარტო გავარის ოლქში არ იყო ასეთი კატასტროფული ვითარება, იმ დროს მთელი სომხეთი შიმშილობდა.

უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი საქართველოს სამეფოს შემოერთებულ ტაშირსა და ყარაბაღშიც. მხსნელად საქართველო რომ არ მოვლენოდა, სომეხ ერს სრული განადგურება ემუქრებოდა.

რა მდგომარეობა იყო ამ დროს საკუთრივ საქართველოში? 1385–1403 წლებში თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ, მართალია, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ის საქართველო, რაც სამარყანდელი ემირის გამოჩენამდე გახლდათ. ენით აუწერელი იყო ნგრევის მასშტაბები. 

დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

იმ დროს საქართველო სომხეთზე არანაკლებ გაპარტახებული იყო, მაგრამ ჩვენ წინაპრებს გაჭირვებაში ჩავარდნილ ქრისტიანებისთვის ხელი არ უკრავთ. პირიქით, ალექსანდრე მეფის ბრძანებით 60 ათასი კომლი (დაახლოებით 250 ათასი სომეხი) შეიკედლეს, შეიფარეს, დააპურეს და ნაყოფიერ მიწებზეც დაასახლეს. ეს იმ დროს, როდესაც კავკასიაში სომეხთა რაოდენობა 500 ათასს ძლივს აღემატებოდა.

იმის გამო, რომ ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თემურ ლენგთან ბრძოლებში გაიჟლიტა, უამრავი სოფელი და დასახლება დარჩა მიტოვებული. მეფემ სწორედ ამ მიწებზე, ქართველთა ნასახლარებზე დაასახლა სომხეთიდან შიმშილს გამოქცეულნი.

აი, ასე გაჩნდა თბილისში, გორში, უფლისციხეში, თმოგვსა და სამშვილდეში სომეხთა კომპაქტური დასახლებები...  

შეუძლებელია, აქ ფინელი პედაგოგისა და სოციოლოგის ჰანს იორან ჰოქსტენტის საქართველოზე ნათქვამი არ გაგვახსენდეს: 

„არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…“