თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის ტურნირზე დასკვნით მატჩში ავსტრალიის გუნდთან დამარცხდა.
საერთო ჯამში ქართველმა მორაგბეებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებს, თუმცა თამაშის მიწურულს ავსტრალიელებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე წარმატებული შეტევის განხორციელება და საბოლოოდ შეხვედრა მათ სასარგებლოდ ანგარიშით 27:8 დასრულდა.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების დაცვა საკმაოდ წარმატებით თამაშობდა და გუნდმა შესვენებაზე მეტოქის მინიმალური უპირატესობით – 3:10 შეძლო გასვლა.
თამაშის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოს დადებაც კი მოახერხა, თუმცა ავსტრალიელებმა პასუხი მალევე გასცეს. შედეგად საქართველოს ნაკრები ქულების გარეშე დარჩა, ავსტრალიელებმა კი გამარჯვებისთვის სამ ქულას კიდევ ორი ბონუს-ქულაც მიამატეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თავისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ხუთი ქულით და მეოთხე ადგილით დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს საფრანგეთში დაგეგმილ მსოფლიო თასზე მონაწილეობისთვის მათ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.