ფრენები საქართველოში: საქართველოს აეროპორტებმა დაგეგმილზე ნაკლები მგზავრები მიიღეს

2019 წლის ცხრა თვეში საქართველოს აეროპორტებში 2,72%-ით მეტი ავიარეისი შესრულდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებმა 2019 წლის ცხრა თვეში 4,1 მლნ მგზავრზე მეტი მიიღეს, რაც 5,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 9-10%-ით ნაკლებია საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტაა.

ფრენები ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო.

რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი – თბილისი რუსეთთან ავიამიმოსვლას ელის

როგორც უწყებაში აღნიშნეს, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 0,68%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში – 2,01%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – 39,79%-ით.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 20,23%-ით გაიზარდა, ამბროლაურის აეროპორტში კი 15%-ით.

ამასთან, 2019 წლის ცხრა თვეში საქართველოს აეროპორტებში 2,72%-ით მეტი ავიარეისი შესრულდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

გარდა ამისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა 2,01%-ით შემცირდა.

სააგენტოს განცხადებით, იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ბაზარზე შვიდი ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა: AIR FRANCE, Air Malta, SmartLynx Airlines, GetJet, Onurair, Uzbekistan Airways და Aircompany Armenia.

ადრე კომპანია TAV-Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 17%-ით შემცირდა, ბათუმის აეროპორტში – 12%-ით. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ცუდი სტატისტიკა დაფიქსირდა.