სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

ორგანიზატორებს აქვთ ჩაფიქრებული უგემრიელესი კონკურსები, დეგუსტაციები და გასართობი პროგრამა
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ხაჭაპურის მასშტაბური ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ რუხში 19 ოქტომბერს გაიმართება.

ხაჭაპური და ჩურჩხელა Forbes-ის ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულშია

ფესტივალის მიზანია - ხაჭაპურის პოპულარიზაცია და ქვეყანაში რეგიონული ტურიზმის განვითარება.

ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური და დასავლეთ საქართველოს ტრადიციული სამზარეულოს კერძები. მთავარი მოვლენა იქნება ხაჭაპურის მომზადების კონკურსი - მეგრული,  იმერული,  აჭარული,  გურული, რაჭული,  სვანური, მესხური, ქისტური, ოსური და თუშური.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური - საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის წევრები.

განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს დეგუსტაციები და კულინარიული მასტერ-კლასები: მომზადდება 4 მეტრიან მაყალზე ხაჭაპური და სამმეტრიანი გებჟალია. თავის ოსტატობას ფესტივალზე გამოცდილი შეფ-მზარეულები წარმოაჩენენ.

ამერიკული AF&Co: ქართული კერძები – წლის სამზარეულო, ხოლო აჭარული ხაჭაპური – წლის კერძი >>

ღონისძიების გასართობ ნაწილში სტუმრებს ხაჭაპურის ისტორიის შესახებ უამბობენ. გაიმართება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბაზრობა, თაფლის, ყველისა და თხილის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალზე, რომლის კარი იქნება ღია 14:00 საათიდან 19:00 საათამდე, დასწრება თავისუფალია.