თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული ბანკი ახალი ოფისის ასაშენებლად 50 მილიონ ლარს არ უნდა ხარჯავდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბანკისთვის შესაბამისი ოფისის აშენება გაცილებით ნაკლები დანახარჯებითაც არის შესაძლებელი.
„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არც ერთი „კაპიკი“ არ მიდის. მიუხედავად ამისა, ამხელა რესურსი მაკონტროლებელი ორგანოს შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა იაფი დაჯდება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე, სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.