თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დაავალა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შეამოწმონ, ჩაედინება თუ არა ფეკალური მასები თბილისის ზღვაში.
შეიძლება თუ არა თბილისში წყლის ონკანიდან დალევა – კვლევის შედეგები >>
თბილისის წყალსაცავი ქალაქის დიდ ნაწილს წყლით ამარაგებს.
„თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება უკანონო დაერთებების ფაქტები და მათი დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან მილები მიწის ქვეშ მდებარეობს.
„სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები და თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა პრაქტიკულად გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული“, – აღნიშნა ხმალაძემ.
მისი თქმით, დღეს უკვე მოხდა ერთი ფაქტის გამოვლენა, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას, რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრება, ხოლო დამრღვევი მკაცრად დაისჯება.
ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ წყალი, რომელსაც თბილისელებს მიეწოდება, უსაფრთხოა.
„სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება მუდმივად კონტროლდება, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სინჯებს მუდმივად იღებს და ლაბორატორიულად მოწმდება, ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს“, - განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ადრე წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ში (GWP) „Sputnik საქართველოს“ განუცხადეს, თბილისი მსოფლიოს იმ ქალაქებს შორისაა, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება, იმისთვის კი, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის 24–საათიან რეჟიმში სუფთა წყლის მიწოდება მოხდეს, წყლის ხარისხი ყოველ საათში მოწმდება.
თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია, მათ შორის, მუხრანის ველის წყალსადენი, ნატახტრის, ბულაჩაურის და სხვა წყალსადენები.
წყლის ხარისხის ლაბორატორიული მონიტორინგი დედაქალაქის 373 წყალსადენზე ტარდება.
თბილისის ზღვის სიგრძე დაახლოებით 9 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1.85 კილომეტრია. სიღრმე - 45 მეტრი. იგი ექსპლუატაციაში 1953 წელს შევიდა.
ადრე წყალსაცავი იკვებებოდა მხოლოდ მდინარე ივრის წყლით, ხოლო ჟინვალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ - ასევე მდინარე არაგვის წყლით. GWP-ს მონაცემების თანახმად, თბილისის წყალმომარაგებისთვის მას სარეზერვო დანიშნულება გააჩნია.