რთველი რაჭაში ინაცვლებს: იწყება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კრეფა

ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რთველი რაჭაში ინაცვლებს, სადაც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე

როგორ იბადება ღვინო: ფოტოქრონიკა კახური რთვლიდან

რაც შეეხება კახეთს, იქ რთველი უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ დროისათვის რეგიონში უკვე 263 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, რაჭაში, ისევე, როგორც კახეთში, დიდი მნიშვნელობა ექნება მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობას.

„რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე, როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, – აღნიშნა პავლიაშვილმა.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.