მსოფლიო დღეს

ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, თურქეთის არმიამ უკვე მიიტანა ავიაიერიში სირიის რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სირიასთან ომის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.

„სირიის ჩრდილოეთში ქურთისტანის მუშათა პარტიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და თავისუფალი სირიის არმიის ერთობლივი ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება, რომლის შექმნასაც ცდილობენ ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, თურქეთის არმიამ უკვე მიიტანა ავიაიერიში სირიის რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე.

ერდოღანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში თურქული ოპერაციის დაწყების შესახებ უახლოეს დღეებში მიიღებდა გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი არ მონაწილეობს ანკარის სამხედრო ოპერაციაში და ჯარების გაყვანის შესახებ განცხადებაც გააკეთა.