ჩოგოვაძე: საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეიძლება ექვს თვეში განახლდეს

ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან არის შეჩერებული.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, სავარაუდოდ, უახლოეს ექვს თვეში განახლდება, წერს გაზეთი „რეზონანსი" საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელზე გიორგი ჩოგოვაძეზე დაყრდნობით.

მოსკოვი-თბილისის ავიარეისების აღდგენა: დუმაში საქართველოს განცხადებას პასუხობენ

ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის 8 ივლისიდან არის შეჩერებული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

„რუსეთიდან რეისების შემცირებამ, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მოგვაყენა, თუმცა ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რამდენადაც რეისების რაოდენობა ევროკავშირის მიმართულებით იზრდება. დღეისათვის ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, როგორც ჩანს, უახლოეს ექვს თვეში რუსეთიდან რეისები აღდგება", – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაბალბიუჯეტიან ჰაბად გარდაქმნის კონცეფცია, რომელიც ევროპის მიმართულებით იმუშავებს და მოემსახურება არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეებს. ისინი ქუთაისიდან ევროპის ათი მიმართულებით შეძლებენ ფრენას.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფრენებს საქართველოში, „ალბათ, დააბრუნებდა" და რომ „ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ პროვოკაციის კონტრპროდუქტიული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე".

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, 20 ივნისიდან თბილისი აქციების ტალღამ მოიცვა. საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.