თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-17 ნომერი АТР-ს რეიტინგით) შანხაიში ATP Masters 1000 ტურნირის მეორე წრეში გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ბენუა პერო დაამარცხა ანგარიშით 2:1 (6:4, 1:6, 6:1). მეორე სეტში ბასილაშვილმა გულშემატკივრები ანერვიულა – ეს სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ წარმატება პეროს მხარეზე იყო. თუმცა ამჯერად მესამე სეტში ბასილაშვილმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და აიძულა 8 ორმაგი შეცდომა დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ექვსი ბრეიკ-პოინტიდან სამის რეალიზება შეძლო.
მესამე წრეში ბასილაშვილი პაბლო კარენო ბუსტასა (ესპანეთი) და დომინიკ ტიმს (ავსტრია) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პირველ წრეში ქართველმა სპორტსმენმა მოლდოვის წარმომადგენელი დაამარცხა სამ სეტში – 4:6, 6:1, 6:3.
ტურნირი შანხაიში, რომლის საპრიზო ფონდი 8 მლნ-ზე მეტი დოლარია, 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გასულ წელს ტურნირის გამარჯვებული იყო სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
შანხაის ტურნირის გამარჯვებული მიიღებს ათას სარეიტინგო ქულას, ფინალისტი – 600-ს, ნახევარფინალისტები – 360-ს, ხოლო მეოთხედფინალში გასული სპორტსმენები – 180 ქულას.