იმერეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

მუშას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კომპანიის სატვირთო დაეჯახა.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა, ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის თ.ჩ.-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მუშა ადგილზე გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები.

ცოცხლად დამარხული: ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მათი თქმით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.

„კომპანიის მხრიდან ასევე იგნორირებულია სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, არ სრულდება შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ადგილზე დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე, დღემდე რისკის ქვეშაა", - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე მუშა გასული წლის ოქტომბერშიც გარდაიცვალა.

იმერეთში რკინიგზის მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა >>

რკინიგზა 2010 წლიდან შენდება. სს „საქართველოს რკინიგზასთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთი კომპანიამ 2019 წელს უნდა დაასრულოს. მან უნდა ააშენოს ექვსი გვირაბი, მათი ნაწილი უკვე დასრულებულია.

კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ საქართველოში სკანდალის ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. მიმდინარე წლის იანვარში სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა აფეთქება, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.