ვინ არის ბიჭი, რომელიც გოგოს ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდა

სოფელში ბრალდებულის ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ის მუშაობდა სალონში სტილისტად, ჰყავდა საცოლე და დაქორწინებას აპირებდა.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქალს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა, ლევან მენაბდიშვილია, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

თბილისში მობილურ ტელეფონებს მოტყუებით ეუფლებოდნენ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, რის შემდეგაც ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროების მუქარით აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე ფულის სისტემატურად ჩარიცხვას აიძულებდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მენაბდიშვილი სოფელ ტინისხიდში მშობლებთან და ძმებთან ერთად ცხოვრობს. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად მენაბდიშვილი ძმებთან ერთად დააკავეს, რადგან თავდაპირველად ვერ მოახერხეს ბრალდებულის იდენტიფიცირება. მოგვიანებით კი მენაბდიშვილის ძმები გაათავისუფლეს.

სოფელში ბრალდებულის ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ის მუშაობდა სალონში სტილისტად, ჰყავდა საცოლე და დაქორწინებას აპირებდა.