ბაკურიანში ქართული ფილმების კინოფორუმი გაიმართება

ცნობილი კინოოსტატების ნამუშევრების გარდა, მაყურებელი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმებსაც ნახავს
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ბაკურიანში 10-13 ოქტომბერს გაიმართება კინოფორუმი „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც ყველა მსურველი იხილავს ახალ ქართულ ფილმებს, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად ნახონ ქართული ფილმები, რომელიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. მათ შორის არის დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

ბათუმში BIAFF 2019-ის გამარჯვებულები დაასახელეს

პროგრამაში ასევე შევიდა დიმიტრი ცინცაძის ორი ახალი ნამუშევარი -  საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“ და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. მაყურებლები ასევე ნახავენ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერებს. ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის „12 გაკვეთილის“ ჩვენება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კინოჩვენებების გარდა, ღონისძიებაზე გაიმართება საინტერესო დისკუსიები თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე.

კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში კინოკულტურის განვითარებასთან ერთად, ქართული კინოს ფორუმი ხელს შეუწყობს შემოდგომის სეზონზე საკურორტო ზონის გაცოცხლებას.

კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.