მოსკოვი-თბილისის ავიარეისების აღდგენა: დუმაში საქართველოს განცხადებას პასუხობენ

რუსმა დეპუტატმა ქართველი და რუსი ხალხების განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრმა ანტონ მოროზოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა >>

ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ავიაფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ქმედებებით არ უწყობს ხელს ჩვენს სახელმწიფოებს შორის სრულფორმატიანი ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა მოროზოვმა RT-სთან საუბრისას.

დეპუტატის თქმით, საქართველოში შექმნილი სიტუაციის აღმოფხვრა რიტორიკის შეცვლისა და კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე გადასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

პესკოვი: კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

„ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ რაღაც კონკრეტული ნაბიჯების განხილვას ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის ტურიზმის სფეროს კუთხით“, - დაასკვნა მოროზოვმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით თბილისი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს.

ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის 8 ივლისიდან არის შეჩერებული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება თბილისში ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო.

ფრენები საქართველოში: პირველად 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მგზავრთნაკადი შემცირდა >>

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფრენებს საქართველოში, „ალბათ, დააბრუნებდა“ და რომ „ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ პროვოკაციის კონტრპროდუქტიული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე".

20 ივნისიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თბილისი აქციების ტალღამ მოიცვა. საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.