დიდ მაესტროს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, იუწყება პირველი არხი.

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

დიდ მაესტროს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.

„ყვითელი ფოთლების სიჩუმის დღე“ – ემოციური ვიდეო, რომელიც გია ყანჩელს მიუძღვნეს >>

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. კომპოზიტორს გლოვობს ყველა – გამოჩენილი კულტურული და საზოგადო მოღვაწეები, ისინი, ვინც ყანჩელს პირადად იცნობდა და ისინიც, ვინც მის მუსიკებზე გაიზარდა.