როდის განახლდება რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები?

საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოსკოვში პოზიტიური უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დმიტრი პესკოვს მიაჩნია, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთვის საქართველომ და რუსეთმა შესაფერისი მომენტი უნდა შექმნან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости

მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა

ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, პესკოვმა უპასუხა:

„მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ სიტუაცია აგრესიულ კალაპოტში არ დაბრუნდება. პირველი მცდელობა ურთიერთობის, როგორც მოგეხსენებათ, უკვე იყო ნიუ-იორკში. ეს პოზიტიური ფაქტია, თუმცა ეს შეხვედრა საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მწვავედ იქნა აღქმული. ახლა უნდა დაველოდოთ მოთმინებით მომენტს, როდესაც ავიამიმოსვლის აღსადგენად შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება".

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფრენებს საქართველოში, „ალბათ, დააბრუნებდა“ და რომ „ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე".

20 ივნისიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თბილისი აქციების ტალღამ მოიცვა. საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.