თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2014-2017 წლების პერიოდში უნებართვო მშენებლობისთვის 25-ჯერ დაჯარიმდა, იუწყება პირველი არხი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, კომპანია ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა.
„გადახდილი ჯარიმების ჯამური მოცულობა შეადგენს 69 400 ლარს, საიდანაც 40 100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას“, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემას არ მიაჩნია პრიორიტეტულად.
„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახორციელებს სპეციფიკურ და რთულ სამშენებლო სამუშაოებს, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.)“, – აღნიშნულია უწყების ანგარიშში.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანიაა.