ევროპული ლეგენდების გმირი მეფე დავით აღმაშენებელი და დიდგორით გადიდგულებული ქართველები

ევროპაში საუკუნეთა განმავლობაში ცოცხლობდა თქმულება მეფე-ხუცესზე, რომელსაც ახსენებენ მარკო პოლო, ფრანცისკანელი ბერი ჯოვანი დე მონტე კორვინო, გრეგორიუს ბარ პებრეუსი, ჯოვანი დალ პლანო კარპინი და ბევრი სხვაც
Sputnik

ვანო სულორი

შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში გავრცელებული იყო ლეგენდა ძლევამოსილ აღმოსავლელ ქრისტიან მეფე-ხუცესზე იოანე პრესვიტერზე (იოჰანეს პრებისტერი), რომელმაც აღმოსავლეთში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მუსლიმანობას და განადიდა ქრისტეს რჯული.

ყველაფერი მეთორმეტე საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, როცა სირიიდან ევროპაში გაბალას ეპისკოპოსი ჩასულა და ჩაუტანია ცნობა, რომ სადღაც შორს, აღმოსავლეთში, სპარსეთსა და არმენიას გაღმა, მეფობს ხუცესი იოანე, რომელსაც დაუმარცხებია სპარსეთისა და მიდიის მეფე ძმები და აუღია მათი სატახტო ქალაქი ეკბატანა. ამ გამარჯვების შემდეგ იოანე ხუცესი დასავლეთისაკენ დაძრულა, რათა იერუსალიმისთვის აღმოეჩინა დახმარება, ტიგროსამდე მიუღწევია, მაგრამ გემები არ ჰყოლია და უკან გაბრუნებულა.  

ზებუნებრივი მოკვდავი, ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე

ეს გახლავთ ამ თქმულების ერთ-ერთი უძველესი ვერსია. მოგვიანებით მას ბევრი დეტალი დაემატა და არაერთი ინტერპრეტაციის შედეგად უამრავი ვერსია შეიქმნა.

მართალია, იოანე პრესვიტერის ამბავი მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ ამ პიროვნების თაობაზე დღემდე არ წყდება კამათი. ისტორიკოსები დიდი ხანია ეძებენ მის პროტოტიპს. გამოითქვა მრავალი ვარაუდი და ჰიპოთეზა, ვის აღარ მიაწერეს ეს სახელი. ზოგი მკვლევარის ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ მეფე-ხუცესში მონღოლთა დიდი ყაენი ჩინგის ხანიც კი ამოიცნო.

მაგრამ თუ ლოგიკას გავყვებით, დავრწმუნდებით, რომ იოანე პრესვიტერის სახით საქმე გვაქვს დავით აღმაშენებელთან.

გარდა იმისა, რომ ზოგ ლეგენდაში მოხსენიებულია პრესბიტერ იოჰანესის შვილი თუ შთამომავალი მეფე დავითი, ამგვარ დასკვნას ზურგს უმაგრებს სხვა დეტალებიც:

  • ტერიტორიული მინიშნება „სადღაც შორს, აღმოსავლეთში, სპარსეთსა და არმენიას გაღმა“ — ძალზე მიესადგება საქართველოს მდებარეობას. ამასთან, ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს უკანასკნელ ქრისტიანულ ფორპოსტს ახლო აღმოსავლეთში, იქით მხოლოდ მუსლიმური და ბუდისტურ-ინდუისტური ქვეყნებია;
  • ევროპაში იოანე პრესვიტერზე ინფორმაცია ვრცელდება დიდგორის ომიდან დაახლოებით 20-25 წლის შემდეგ. ეს იმდენად დიდი და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა იყო მაშინდელ აღმოსავლეთში, რომ მის შესახებ 30 წლის შემდგომაც დიდი ემოციით წერდნენ. 1154 წელს საქართველოში ჩამოსული იყო არაბი მემატიანე ალ-ფარიკი, რომელსაც დემეტრე მეფემ დარუბანდის ციხეში გამოკეტილი, დიდგორის ომის დროს დატყვევებული სელჩუკი მეომრები აჩვენა. ამ ფაქტზე და დიდგორის ომზეც ვრცლად მოგვითხრობს არაბი მემატიანე, რომელმაც ორ სიტყვაში გამოხატა იმ ეპოქალური მოვლენისადმი ქართველების დამოკიდებულება: „დიდგორით დიდი გული აქვთ ქართველთ“;
  • ლეგენდაში არის ისეთი შტრიხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დავითს უკავშირდება. აღმაშენებელი იყო მეფე-ხუცესი, მეფე-ბერი. მისთვის, როგორც ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარი ხელისუფლისათვის, უცხო იყო ამქვეყნიური სიამენი — სიმდიდრით ტკბობა, განცხრომა. ის უფრო მეტ დროს ეკლესიასა და სამხედრო ბანაკში ატარებდა, ვიდრე სასახლეში. მართლმორწმუნე მეფე მეტად მოკრძალებულად ცხოვრობდა მიუხედავად იმისა, რომ იყო მდიდარი. დავითი მთელ ნაალაფარსა და ხაზინის სხვა შემოსავლებს არმიას, ეკლესიების, აკადემიების, ქსენონებისა და ციხე-სიმაგრეების მშენებლობას ახმარდა. დავითის საქართველო ერთგვარ ქრისტიანულ ორდენს წარმოადგენდა, რომელსაც სათავეში მეფე-ხუცესი ედგა. ამ მხრივაც მისი მსგავსება იოანე ხუცესთან აშკარაა;
  • „მას დაუმარცხებია სპარსეთისა და მიდიის მეფე ძმები“ — არც ეს ფაქტია რეალობისგან შორს, ვინაიდან დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობდნენ სელჩუკთა უზარმაზარი ურდოს მთავარსარდალი სირიის ამირა ილღაზი, ასევე მისი ძმა და სიძეც კი;
ვითა ლომი და ვითა გრიგალი: დავით აღმაშენებლის ერწუხის ბრძოლა
  • „იოანე ხუცესი დასავლეთისაკენ დაძრულა, რონ იერუსალიმის სამეფოსათვის აღმოეჩინა დახმარება, ტიგროსამდე მიუღწევია, მაგრამ გემები არ ჰყოლია და უკან გაბრუნებულა“ — 1120 წელს დავით აღმაშენებელმა სელჩუკებთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. თუ მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ თურქთა ურდოებს უსწორებდა ანგარიშს, 1120 წლის ნოემბერში დიდი ლაშქრობა მოაწყო და თურქთა ბუდეები მაშინდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსპო.
  • სირიას მდგარი სელჩუკთა ურდოები მარბიელ ლაშქრობებს აწყობდნენ საქართველოს მიწა-წყალზე და იქვე სახლდებოდნენ. დავითი მაშინვე თავს ესხმოდა და ანადგურებდა შემოჭრილებს, მაგრამ მათ ადგილს ახალ-ახალი ურდოები იკავებდნენ და ასე დაუსრულებლად. და აღმაშენებელმა ნათლად დაინახა, რომ სელჩუკთა ურდოების თარეში იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ იმ ბუდეებს არ მოშლიდა, საიდანაც იწყებოდა მათი თარეში. 

    გარდა ამისა, ჯვაროსნებთან წარმატებით მებრძოლი ილღაზის სამფლობელოში შეჭრით დავითმა თავისკენ შემოაბრუნა ეს ძალა და ამით განადგურებისგან იხსნა ჯვაროსნული სამეფოები და სამთავროები წმინდა მიწაზე. აღმაშენებელს მართლაც მოუწია მდინარე ტიგროსის სათავემდე მისვლა, შემდეგ მოულოდნელად შეწყვიტა ლაშქრობა და საქართველოში დაბრუნდა.

    თუ რატომ, ამას ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ მოეძებნება. არსებობს რამდენიმე ვარაუდი:  

    დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

    ა) მიზანი მიღწეული იყო, განადგურდა საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დაბანაკებულ სელჯუკთა მარბიელი ურდოები. თავზეხელაღებულ ქართველთა ლაშქრობით განრისხებული ილღაზი დაუზავდა ჯვაროსნებს და დაიწყო მზადება „ურჯულო დაუდის“ დასასჯელად;

    ბ) ქართველთა „ბლიცკრიგი“ ზამთრის პირს მოეწყო, თანაც მთიან რეგიონში, უხვთოვლიანობისას, ამიტომ, მთავარი მიზნის მიღწევის შემდგომ, დავითმა აღარ გარისკა და ლაშქრობა შეწყვიტა;

    გ) დაახლოებით 1118 წელს საქართველოში საიდუმლოდ ჩამოვიდა იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბალდუინ მეორე, რომელმაც ქართველთა მეფეს სთხოვა, დახმარებოდა სირია–პალესტინაში არსებული ჯვაროსანთა სამეფო-საგრაფოების გადარჩენაში. ამ ფაქტს იოანე ბატონიშვილიც ადასტურებს თავის „კალმასობაში“:

    „ხოლო ამავე რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა, ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებითა...“

    დავით მეფე დათანხმდა საერთო მტრებთან ბრძოლას. როგორც ჩანს, ეს მოულოდნელად წამოწყებული დიდი ლაშქრობა აშორნია-ბაიბურდის მიმართულებით ბალდუინთან შეთანხმებული გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ 1121 წლის გაზაფხულზე ჯვაროსნები დაუზავდნენ სელჩუკებს და მცირერიცხოვანი ქართველობა მარტო შეატოვეს გამძვინვარებულ მუსლიმურ კოალიციას. 

    ქართული რეკონკისტა: ტფილისის აღება და დავით აღმაშენებლის რისხვა და მოწყალება

    1120 წლის ნოემბერში ქართველები მიადგნენ აშორნიას, სადაც დიდძალი თურქობა იდგა ბანაკად. ქართველებმა მძვინვარე ხოცვა-ჟლეტვაში თურქები გაანადგურეს და იქიდან სირიის საზღვრებში შეიჭრნენ — თურქული ბანაკები იქიდანაც დაიფრინეს. დავითი ალეპოსკენ მიიწევდა, ამირა ილღაზის სატახტოსკენ, მაგრამ მსტოვრებმა აცნობეს, თურქთა სხვა ურდო საქართველოსკენ მიეშურებაო. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ მათ ზურგიდან დაერტყათ. ამადაც შემოტრიალდა დავითი, სევგელმეჯთან წამოეწია მტერს და ისე გაანადგურა, რომ „არა დაუტევა მომტირალი კარავთა მათთა“...

    ასეა თუ ისე, ევროპაში საუკუნეთა განმავლობაში ცოცხლობდა იოანე მეფე-ხუცესზე თქმულება და ის აღვივებდა ევროპელთა ფანტაზიას. იოანე ხუცესს რამდენჯერმე ახსენებს მარკო პოლო, მასზე საუბრობს ფრანცისკანელი ბერიც ჯოვანი დე მონტე კორვინოც, გრეგორიუს ბარ პებრეუსიც მოიხსენიებს მას თავის სირიულ ქრონიკაში, ჯოვანი დალ პლანო კარპინიც მოგვითხრობს, თუ როგორ დაამარცხა იოანე ხუცესმა თათრები, მის ამბავს გადმოგვცემს ეპისკოპოსი იორდანიუსიც. იოანე ხუცესი მოხსენიებულია მოგზაურ ბენიამინ ტუდელელის დღიურში და ალბერიკუსის ქრონიკაში.

    იოანე ხუცესი ლეგენდარული ცნობების, ხალხური ფანტაზიის სფეროდან ევროპის მხატვრულ ლიტერატურაშიც გადავიდა. იოჰანეს პრესბიტერი შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული პერსონაჟთაგანია. ევროპელებს ძალიან დიდხანს არ დაუკარგავთ აღმოსავლეთის ამ ძლევამოსილ ქრისტიან მეფესთან კავშირის დამყარების იმედი. XV საუკუნეშიც კი პორტუგალიელი ზღვაოსნები ოცნებობდნენ, მოხვედრილიყვნენ ლეგენდარული მეფე-ხუცესის სამეფოში. იოჰანეს პრესბიტერის მოსაძებნად ევროპელთა სპეციალური საზღვაო ექსპედიციები ეწყობოდა. ამ ლეგენდარულ იოანე ხუცესს წერილებსაც კი წერდნენ ევროპელი მეფეები და პაპები...