თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისობაზე დაგეგმილი გალა–კონცერტი გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება, იუწყება პირველი არხი დედაქალაქის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გია ყანჩელი: მე ყოველთვის ძალიან მძიმედ და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას>>
გალა–კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება 5 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.
გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორის სახლში (ტოვსტონოგოვის 6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ სახლში 1904 წლიდან ცხოვრობდა ყანჩელის ოჯახის ექვსი თაობა.
დიდ მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.