მსოფლიო დღეს

უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

ჭიჭიაშვილს ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული პირი საქართველოში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა.

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ჭიჭიაშვილს შესთავაზა დანებება, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების მიმართულებით, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდაცია მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.

შოთა ჭიჭიაშვილი 2000-იან წლებში პანკისში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება და ტერორისტული აქტი. ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებასა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი.

ჭიჭიაშვილს ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი მოსკოვში 2003 წელს დააპატიმრეს. მისი ექსტრადიცია საქართველოში 2004 წელს განხორციელდა, 2013 წელს კი ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდა.