თბილისში ბინა ერთ ლარად კიდევ ექვს ოჯახს გადაეცემა

თბილისის მერიის ინიციატივით 2018 წელს ბინა სიმბოლურ ფასად 445 ოჯახს გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს: როგორ დაიხარჯება თანხები

კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა საინგილოს ქუჩის N55, ღოღობერიძის N47 და ასევე მესამე მასივის მერვე კვარტლის მე-12 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს.

როგორც გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებენ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 445 ოჯახს გადაეცა.

კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.