თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა, ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვიდან შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. მისი თქმით, ახალი წესები თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.
„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია... ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი“, — განმარტავს ირაკლი ხმალაძე.
მისი თქმით, გადასახადის რაოდენობას პარკირების ზონა განსაზღვრავს. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია და გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის სწრაფი აპარატების, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ უფასო პარკირებით ისარგებლებენ შშმ პირები, ელექტრომობილების მფლობელები და ადგილობრივი მოსახლეობა. ამისათვის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში.
ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.