სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვისაც.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს 1 ოქტომბრიდან ხელფასი ეზრდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები.

საქართველოს პედაგოგებს ახალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ

სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს. კერძოდ, 1 ოქტომბრიდან უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლის – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლის კი – 1745 ლარი გახდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები და 2022 წლისთვის მათი ანაზღაურება პიკს მიაღწევს. შესაბამისად, უფროს მასწავლებელს – 1700 ლარი ექნება, წამყვან მასწავლებელს – 2135 ლარი, ხოლო მენტორ მასწავლებელს – 2445 ლარი.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ დამატებით 150 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ, დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ხელფასების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ეს პროცესი გაგრძელდება ყოველწლიურად და, შედეგად, გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ", – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე, პედაგოგების გარდა, 1 ოქტომბრიდან ხელფასები ეზრდება სკოლის სხვა პერსონალსაც. კერძოდ, სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის ანაზღაურება საშუალოდ 20%-ით გაიზრდება.

საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული>>

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცემათ დანამატი 125 ლარის ოდენობით, მანდატურთა ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება.

რას ჰპირდება განათლების მინისტრი საპენსიო ასაკის პედაგოგებს

გარდა ამისა, საშუალოდ 20%-ით გაიზარდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა ხელფასები. კერძოდ, რესურს-ცენტრის უფროსის ხელფასი გაიზარდა 250 ლარით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების – 200 ლარით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისა და პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების – 150 ლარით.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ ჩააბარებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდას და ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.

ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, ანუ ჩაბარებული ექნება შესაბამისი გამოცდა და, შესაბამისად, მოპოვებული ექნება სტატუსი. ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

სჯობს პენსია, ვიდრე გამოცდა - აჭარაში ათობით მასწავლებელმა არჩევანი გააკეთა>>

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვისაც დაახლოებით 50%-ით.