ქართული მუნჯი ფილმი „ამოკი" ელექტრონული მუსიკით გაახმოვანეს

კინოჩვენება ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში ტარდება.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული მუნჯი ფილმი „ამოკი" თანამედროვე ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაახმოვანეს – მაყურებელი მას ილიას ბაღში პარასკევს, 4 ოქტომბერს იხილავს.

რუსეთი საქართველოს კიდევ 11 ქართულ ფილმს დაუბრუნებს

ფილმი „ამოკი" გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ეს იყო ქართულ კინოში უცხოური მხატვრული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია. მთავარი როლი ქართული კინემატოგრაფიის ვარსკვლავმა ნატო ვაჩნაძემ შეასრულა.

„ამოკის" გახმოვანებაზე კომპოზიტორმა ვაჟა მარმა იმუშავა, მუსიკას გიო კუჭუხიძე ასრულებს.

2017 წლამდე კინოფირი რუსეთის კინოსაცავ „გოსფილმოფონდში" ინახებოდა. ორი წლის წინ კი „გოსფილმოფონდის" დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა და საქართველოს მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდია „ქართული ფილმის" მიერ გადაღებულ 700-მდე მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმის საქართველოში დაბრუნებას. 

კინოჩვენება ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში ტარდება. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება, კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.