ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფად იზრდება. წელს ქვეყანას პირველად დასჭირდა ელექტროენერგიის შეძენა არა მარტო ზამთარში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ ზაფხულშიც
Sputnik

ლიზა შელია

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანამ თითქმის 8,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა და 8,3 მილიარდი კვტ/სთ გამოიმუშავა. შედეგად, საქართველო იძულებული გახდა, ელექტროენერგია მეზობლებისგან შეეძინა.  

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში

2016-დან 2018 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.

 

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, მაშინ, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.

„მოხმარება ზაფხულის თვეებშიც სწრაფად იზრდება, რაც ტურიზმის ზრდას უკავშირდება – მეტი სასტუმროები, მეტი კონდიციონერები,“ – განაცხადა განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, საქართველო თბოელექტროსადგურებს ზაფხულშიც იყენებს. მაგრამ წელს ისინიც არ აღმოჩნდა საკმარისი ენერგოდეფიციტის შესავსებად და საჭირო გახდა იმპორტის მოშველიება.

აბრამიშვილს ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავაც.

„10 წლის განმავლობაში მოხმარება მკვეთრად იზრდებოდა სწორედ ზაფხულის პერიოდში. მიზეზი – ტურისტული ბიზნესის განვითარება და ახალი სასტუმროების მშენებლობაა. წელს აგვისტოში მოგვიწია იმპორტზე გადასვლა, ვინაიდან თბოსადგურების დახმარებითაც კი ვერ შევავსეთ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება“, – განუცხადა მირცხულავამ „Sputnik-საქართველოს“.  

მისი თქმით, შედეგად იზრდება მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება, ამასთან, მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

„აზერბაიჯანი ძალიან საიმედო, ხარისხიანი ელექტროგადამცემი ხაზების საკმაოდ სტაბილური წყაროა. მეზობელთან ორი ელექტროგადამცემი ხაზი გვაკავშირებს – 500- და 330-კილოვოლტიანი. აზერბაიჯანის მხარე ახლა გეგმავს კიდევ ერთი, 330-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას. ასე რომ, ეს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან საიმედო კავშირი იქნება“, – აღნიშნა მირცხულავამ.

 

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

ამას გარდა, საქართველო ელექტროგადამცემი ხაზებით უკავშირდება რუსეთსა (ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“) და თურქეთს, რომლის საზღვართანაც 2013 წლის ბოლოს აშენდა ელექტროქვესადგური „ახალციხე-500“. საქართველოს 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი აქვს ასევე სომხეთთანაც.

აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება

სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი „Sputnik-საქართველოს“ ენერგოდეფიციტის შესავსებად მთავრობის მიერ დასახულ გეგმებზე ესაუბრა.

„დაახლოებით 12 მილიარდს გამოვიმუშავებთ და 1,5 მლრდ შემოგვაქვს იმპორტით. ტენდენცია ცხადყოფს, რომ იმპორტი გაიზრდება, თუ ჩვენი ენერგოსისტემის ახალ სიმძლავრეებს არ შევქმნით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

ქვეყნის სტრატეგია არის ადგილობრივი განახლებადი რესურსების, თანაც არა მხოლოდ წყლის რესურსების, მაქსიმალური ათვისება. ჩიქოვანის თქმით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო თავისი ენერგეტიკული პოტენციალის დაახლოებით 20%-ს იყენებს.

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ბოლო წლებში ამ მიმართულებით საქართველოც აქტიურად მუშაობს. ახლა ქვეყანაში, კერძოდ, გორში უკვე მოქმედებს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.

მისი მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 24 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო. სადგური ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს ამუშავდა. ამჟამად ის სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ ხელისუფლებამ ზაფხულში სადგურის აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა.

 

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

„ვგეგმავთ ახალი ქარის სადგურების აშენებას, რომლებიც პირველ ეტაპზე 350 მეგავატს გამოიმუშავებენ, მეორე ეტაპზე – დამატებით კიდევ 350 მგვტ-ს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა ადგილების შესარჩევად თბილისთან, კასპთან, გორთან, საჩხერესთან, ზესტაფონთან, სადაც ქარის ელექტროსადგურები აშენდება. ჩიქოვანის თქმით, უკვე მზადაა პროექტები ამ რაიონებში მუშაობის დასაწყებად.

გარდა ამისა, იგეგმება მზის ენერგიის გამოყენება.

„ვამზადებთ პროექტს ტენდერისთვის, რათა გამოვავლინოთ კერძო ინვესტორი 30 მეგავატი სიმძლავრის სადგურის ასაშენებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჰესი მაინც პრიორიტეტია

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მხოლოდ ენერგიის ალტერნატიული წყაროების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ქარის სადგურები 100%-ით ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროენერგეტიკას. ასეთ სადგურებს აქვს სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ქარის სადგურებს სჭირდება სისტემური რეზერვუარები, რომლებიც დააბალანსებს ენერგიას უქარო ან ძლიერ ქარიან ამინდში. სისტემა უნდა იყოს მოქნილი. ამისთვის საჭიროა ან ჰიდროელექტროსადგურები, ან გაზის ტურბინები. რადგან ჩვენ არ გვაქვს საკუთარი გაზი, აჯობებს რეზერვების ფუნქცია ჰესებმა შეასრულონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 

სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა

საქართველოს ჰიდრორესურსების განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. თუ ქვეყანა ამ პოტენციალის 80%-ს აითვისებს, საკუთარ გენერაციას წელიწადში დაახლოებთ 50 მილიარდ კვტ/სთ-მდე გაზრდის. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე 2030 წლისთვის ნავარაუდევი ენერგიის მოხმარება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ მოთხოვნილებასაც დავაკმაყოფილებთ და დარჩენილ 25 მილიარდ კვტ/სთ-ს ექსპორტზე გავიტანთ. თუ ერთ კილოვატს ხუთ ცენტად გავყიდით, ქვეყანას ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი ექნება“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

ენერგოდეფიციტის საკითხის მოგვარება ნიშნავს ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი ყველა შესაძლო სადგურის აშენებას, რომელთა შორის პრიორიტეტი ისევ და ისევ ჰესებს ენიჭება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ტემპები არც ისე მაღალია, 2030 წლისთვის ჩვენ უნდა ავაშენოთ ბევრი ჰესი, პირველ რიგში, სადგურები, უზრუნველყოფილი წყალსაცავებით, რომლებიც ზამთარში საქართველოში არსებული ჰიდროპოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა მირცხულავამ.

საქართველოს თბოელექტროსადგურები ეკოლოგიურად სუფთა იქნება

მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების მშენებლობა ასევე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 237 მგვტ სიმძლავრით, გარდაბანში 2015 წლის აგვისტოში ამუშავდა.

ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება

„წელს სრულდება მეორე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი სადგურები. ის 2015 წელს აშენებული სადგურის ანალოგიურია. მისი ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები კი 2019 წლის დეკემბრიდან“, – აღნიშნა მირცხულავამ. 

ახალი, 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სადგურის ამუშავება 2020 წლის ზამთარში იგეგმება.

ორთქლაირულ ელექტროსადგურზე დამონტაჟებულია სპეციალური აირტურბინული დანადგარი. ასეთი დანადგარის ბაზაზე კომბინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგურებს ძალიან მაღალი – 58% მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბევრად ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ.

ენგურჰესი – ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში

ქვეყნის ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებს.

კავკასიაში ყველაზე დიდი ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა. ენგურჰესის კაშხალი ამ ტიპის დამბებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამჟამად სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული პრაქტიკულად მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება.  

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი ოთხი ვარდნილჰესი – მდინარე ერისწყალზე, მაგრამ გალის წყალსაცავსა და გამანაწილებელ მოწყობილობას აკონტროლებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავდაპირველი სახით აღადგინოს ენგურჰესის კასკადის ვარდნილჰესები.

„ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა – ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, – განუცხადა ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

ოთხი ვარდნილჰესიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, დანარჩენი სამი 90-იან წლებში გაიძარცვა. თითოეულის დადგმული სიმძლავრე 40 მეგავატია. ყოველ სადგურში იყო 20 მგვტ სიმძლავრის ორ-ორი აგრეგატი. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 120 მგვტ-ს, ხოლო საპროექტო გამომუშავება – 390 მილიონ კვტ/სთ-ს.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთელ საქართველოში ნაწილდება, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთშიც. როდესაც „ენგურჰესის“ რესურსები არ არის საკმარისი აფხაზეთის მზარდი მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველო იყენებს „ინტერ რაოსგან“ პირდაპირი შეძენის მექანიზმს, რათა აფხაზეთში წარმოქმნილი ენერგოდეფიციტი შეავსოს.

ჰესის მშენებლობას ყველა არ ეთანხმება

ჰიდრორესურსების განვითარება საჭიროა, მაგრამ ჰესების მშენებლობის პროექტები ზოგჯერ სირთულეებს აწყდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ეკოლოგები და იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც ჰესების აგება იგეგმება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას კარგად არ აქვს გააზრებული ჰესების მშენებლობის აუცილებლობა და ის სარგებელი, რომელსაც ამ პროექტების რეალიზების შედეგად მიიღებს. 

რატომ დაშრა წყალი ენგურჰესში და რა ელის საქართველოს ეკოლოგიას?

მაგალითად, 21 აპრილს პანკისის ხეობის მოსახლეობამ მდინარე ალაზანზე „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. ადგილობრივებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად 55 ადამიანი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე მხოლოდ და მხოლოდ 5,4 მეგავატია, მოსახლეობა შიშობს, რომ მისი მშენებლობა სოფელს უწყლოდ დატოვებს და ზიანს მიაყენებს გარემოს. შედეგად კი ადგილობრივ მცხოვრებთ სახლების დატოვება მოუწევთ.

ექსპერტების აზრით, გამოსავალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან აქტიური დიალოგია. მათი თქმით, რეგიონების მოსახლეობას, სადაც მშენებლობებია დაგეგმილი, გულდასმით უნდა აუხსნან ჰესების მშენებლობის უპირატესობები და დაანახონ ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც მათ ჰესების მშენებლობა მოუტანს.

„საჭიროა კომპლექსური მიდგომა. უნდა გაუმჯობესდეს კავშირი მოსახლეობასთან რეგიონებში, სადაც მშენებლობები იგეგმება. საჭიროა მათთან პროექტების ეკონომიკურ პლუსებზე დალაპარაკება“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება

ექსპერტების აზრით, სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამ. 2017 წლიდან ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დარჩა ერთი დეპარტამენტი და ის ვერ უმკლავდება დატვირთვას, რომელსაც მთელი უწყება ასრულებდა“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

ფინანსისტის სიტყვებით, ამან გავლენა იქონია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 53,7%-ით შემცირდა და 187 მლნ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

ბოლო დროს კვლავ განახლდა საუბარი ენერგეტიკის სექტორის ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაზე. ამ ინიციატივას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძეც ემხრობა.

„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები. ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კალაძემ.

ამ მოსაზრებას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავაც ეთანხმება.

„ჰესების მშენებლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა და ეს საინვესტიციო კლიმატს უკავშირდება. იცით, რომ ახალი ჰესებისგან ელექტროენერგიის შეძენის საგარანტიო შეთანხმებაზე მორატორიუმია დაწესებული?!“ – აღნიშნა მირცხულავამ.

მისი თქმით, დღეს ამ დარგის წასახალისებლად მეთოდების ძიება მიმდინარეობს, რათა ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ ენერგეტიკაში თანხების დაბანდებით.

ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მოსალოდნელ ენერგოდეფიციტს თავიდან ააცილებს.