ძმის მკვლელობაში ბრალდებული: ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი

ბრალდებულმა ადვოკატზე უარი განაცხადა.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორსპონდენტი.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 28 სექტემბერს მოხდა. გამოძიების მიხედვით, 36 წლის მამაკაცმა საკუთარ ძმას ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება დასახელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურორის პოზიცია.

თავად ბრალდებულმა ადვოკატზე უარი განაცხადა.

„მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ. დამნაშავე ვარ, მაგრამ ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი. მე ის მიყვარს და მეყვარება", – აღნიშნა მან სასამართლო სხდომაზე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია