ყვითელი ამბები

„გარუჯული მაჩო“ – კახა კალაძის სექსუალურმა იმიჯმა ქალბატონები აღაფრთოვანა

თბილისს არ ახსოვს ასეთი მოდური და გემოვნებიანი მერი. კახა კალაძე პოლიტიკოსებს შორის დახვეწილობით გამოირჩევა. ყველაზე კრიტიკული ადამიანიც კი თბილისის ახლანდელი მერის მიმართ გულგრილად ვერ განეწყობა. ნახეთ, როგორ გამოიყურება სექსუალური ყოფილი ფეხბურთელი.
Sputnik

ბრენდული სამოსი, ტატუები, ტანსაცმლის გემოვნებიანი შეხამება, დახვეწილი მანერები კახა კალაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამტრედიაში დაბადებული, პროფესიის ისტორიკოსი ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. მისი ოჯახი, ოთხი ვაჟი და მშვენიერი მეუღლე ნებისმიერ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან და ეს უკვე არავის გაკვირვებას არ იწვევს. კახა კალაძის ხანმოკლე შვებულებაც კი ერთი დიდი თავგადასავალია. მისი სოციალური ქსელი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ისევე, როგორც მისი საქმიანი გადაწყვეტილებები.

თბილისის მერი ოფიციალურ ვიზიტებზე მოდური ლუქებით თვალისმომჭრელად გამოიყურება. დედაქალაქის მთავრობის სხდომებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან შეხვედრისას ყოფილ ფეხბურთელს კლასიკური სამოსი აცვია, მაგრამ თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე თავისუფალი სტილით ჩნდება. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე დიზაინერ ანუკი არეშიძესთან დაოჯახებამდეც არანაკლები ჩაცმულობით გამოირჩეოდა და იმ დროის შესაფერისად ეცვა. ამის ხაზგასმით თქმა საჭიროა, რადგან ბევრი კახას გემოვნების დახვეწაში ანუკის ჩართულობას ხედავს.

კახა კალაძემ ზაფხული ევროპის რამდენიმე ქალაქში გაატარა. როგორც ჩანს, თბილისის მერი ევროპის შუაგულს, გარდა მოგზაურობისა, იმ მიზნითაც სტუმრობს, რათა თანამედროვე ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო ცვლილებები თბილისში განავითაროს. რამდენიმე ხნის წინ მილანის ქუჩებში კახა შვილებთან ერთად ელექტროსკუტერით გადაადგილებისას დააფიქსირეს, გამორიცხული არ არის, რომ თბილისში სულ მალე მსგავსი სკუტერებით ვიმოძრაოთ.